ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან ნახევარი თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი ორი თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა, რომელიც ხვალ ხუთ საათამდე, შემდგომი სავალუტო აუქციონის შედეგების გავრცელებამდე იმოქმედებს. დოლართან მიმართებით ლარი 0.0044 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3338 ლარი ეღირება.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 2.5 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.61 ლარი ეღირება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს განაცხადა, რომ ლარის გამყარებისთვის გარკვეული წინაპირობა უკვე იქმნება. აპრილში საქართველოს იმპორტის მოცულობა შემცირდა, რის გამოც ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის მოცულობა შემცირდება.

საქართველოში არსებული სავალუტო კრიზისი ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებას უკავშირდება. უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. 

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

აპრილში ეროვნული ვალუტა 4%-ით გაუფასურდა, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა ბიუჯეტის ხარჯვამაც იქონია, რადგანაც გასული თვის მანძილზე მთავრობა ბიუჯეტს დეფიციტურად ხარჯავდა. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 

კომენტარები