მოლდოვა

მოლდოვის ბანკებიდან $1 მილიარდი დოლარი დაიკარგა

artmarcovici.com

მოლდოვის საგამოძიებო სისტემა ქვეყნის ბანკებიდან სამი დღის განმავლობაში $1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეს იძიებს. მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ის ტოლი თანხის ქურდობაში ეჭვმიტანილი 28 წლის ბანკირი ილან შორია, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მოლდოვის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური მაქინაციის გამოსაძიებლად საერთაშორისო კონსულტანტების ჯგუფი დაიქირავა, რომლებმაც დანაშაულის უკან ილან შორის ინტერესებს მიაკვლიეს. 

დანაშაული ნოემბერში სამი დღის განმავლობაში მოხდა. ქვეყნის სამმა უმსხვილესმა ბანკმა, Unibank-მა, Banca Sociala-მ და Banca de Economii-მ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც ილან შორია, ერთმანეთს პრაქტიკულად უპროცენტო კრედიტები გამოუყვეს, ასეთი ტრანზაქციები სამი დღის მანძილზე გაგრძელდა. Bloomberg-ის ინფორმციით, მას შემდეგ, რაც ბანკებმა ერთმანეთზე კრედიტები გასცეს, მონაცემები ამ ტრანზაქციების შესახებ დაიკარგა, რადგანაც მონაცემთა ბაზები საეჭვო ვითარებაში დაიწვა. მას შემდეგ მითვისებული ფული ოფშორულ ანგარიშებზე ტრიალებდა, საიდანაც ის ილან შორთან დაახლოებული პირების სავარაუდო ანგარიშებზე ჩაირიცხა, თუმცა ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. დაკარგული ფულის მოცულობა მოლდოვის საბანკო კაპიტალის 30%-ს შეადგენს. 

საბანკო სისტემის გადასარჩენად მოლდოვის ცენტრალურმა ბანკმა $870- მილიონიანი სესხი გამოყო. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დაკარგული თანხის მოცულობა შესაძლოა ერთ მილიარდსაც აჭარბებდეს. ფულის გაუჩინარებას ქვეყანაში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, მოსახლეობა საპროტესო აქციებზე მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდა. 

ილან შორი მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი პირია, მისი ოჯახი ფლობს ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, ტელეკომპანიებს, ფეხბურთის გუნდებს, Duty Free მაღაზიებს და დაცვის კერძო სამსახურებს. 

ასეთი მსხვილი საბანკო მაქინაცია ბოლოს 2010 წელს ავღანეთში მოხდა, მაშინ ბანკებიდან მოსახლეობის კუთვნილი $900 მილიონი დაიკარგა.

კომენტარები