გერმანიის ეკონომიკა

გერმანიას საპენსიო ასაკის დაწევა დაგეგმილზე 40%-ით ძვირი დაუჯდა

Fabrizio Bensch / Reuters

ანგელა მერკელის მთავრობამ 2014 წელს მათ, ვისაც 63 წელი შეუსრულდათ და აქვთ 45-წლიანი სამუშაო სტაჟი, უფლება მისცა, ნაადრევად გასულიყვნენ პენსიაზე. რეფორმის შედეგად, 300 ათას გერმანელს საშუალება მიეცა, რომ ნაადრევად გავიდნენ პენსიაზე და სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარებით ისარგებლონ. თუმცა რეფორმა ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას პირველსავე წელს დაგეგმილზე თითქმის ორჯერ ძვირი დაუჯდა.

ნაადრევი პენსიით 2014 წელს 40%-ით მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, ვიდრე ეს პროგრამის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული. შედეგად, რეფორმა მხოლოდ ნახევარი წლის მანძილზე, €900 მილიონის ნაცვლად, €1.5 მილიარდი დაჯდა.  

2007 წელს მერკელის მთავრობამ საპენსიო ასაკი ორი წლით, 67 წლამდე გაზარდა, 2014 წელს გატარებული რეფორმა კი, პრაქტიკულად, წინა რეფორმის საპირისპიროდ არის მიმართული. ოპოზიციის შეფასებით, საპენსიო ასაკის შემცირება პოპულისტური ნაბიჯი იყო.

გერმანიაში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ ევროპაში, მოსახლეობის დაბერების პრობლემა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობას საპენსიო ასაკისთვის დანაზოგები აქვს გაკეთებული, სახელმწიფო მაინც აფინანსებს მოსახლეობას თვეში €1500-ის მოცულობის პენსიით. დასაქმებულები თავიანთი ხელფასიდან იხდიან საპენსიო გადასახადს, რომელიც არა მათ მომავალ პენსიაზე გასვლას, არამედ არსებული პენსიონერებისთვის დახმარების დაფინანსებას ხმარდება. გერმანიის მოსახლეობის 20% ანუ 16 მილიონი 65 წელზე უფროსია, ხოლო სამუშაო ძალის რაოდენობა 40 მილიონია.

ოთხმოციანი წლების შემდეგ ქვეყანაში შობადობამ კლება დაიწყო, ახალი თაობა წინასთან შედარებით ერთი მესამედით შემცირდა. დაახლოებით 2018 წლიდან, როდესაც შობადობის ბუმის პერიოდში დაბადებულები დაიწყებენ პენსიაზე გასვლას, მათი პენსიის დაფინანსება უფრო ცოტა დასაქმებულს მოუწევს. ამის გამო კი, მომავალში სავარაუდოდ გადასახადების საერთო დონე უნდა გაიზარდოს.

სოციალური დახმარებების ზრდის დაპირებებს დღეისათვის მრავალი პოლიტიკოსი გასცემს, თუმცა ხშირად სოციალური დახმარებების დაფინანსების წყაროები წინასწარ არ არის კარგად განსაზღვრული, რის გამოც ქვეყნები ფულს საგარეო და შიდა ვალის აღებით იძიებენ. სავალუტო ფონდმა დასავლეთ ევროპის საგარეო ვალის მაჩვენებლები შეისწავლა და როგორც აღმოჩნდა, ვალის მხოლოდ 20% იყო მიმართული ფინანსური სტაბილურობის ამღალებისკენ, მისი ძირითადი ნაწილი კი სოციალური ხარჯების გასტუმრებას ხმარდებოდა. 

კომენტარები