გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა.
განკარგულების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 8 მაისის 13:00 საათიდან.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს მიმართვა გუშინ გაუგზავნა, რომ 8 მაისს 13:00 საათზე რიგგარეშე სხდომა დანიშნოს. სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. თუმცა, მანამდე გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს დეპუტატის უფლებამოსილებებს შეუჩერებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა. განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 1 მაისს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა გადადო. მისი მოსაზრებით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიეღო.





