სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი: ჩემმა გადაწყვეტილებამ პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ კონსულტაციები გამართულიყო მშვიდ გარემოში". პრეზიდენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერის ერთი კვირით გადადების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა. 

"მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც წესია, იყო უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, იყო განხილვები. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება, ხელი შევუწყოთ პარლამენტსაც და მთავრობასაც თავიანთ მუშაობაში. მე მგონია, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ, ამ ერთი კვირის, ის, რომ მე გამოვიყენე ეს უფლება, ამან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მე არცერთ მომენტში არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის მოწინააღმდეგე ვიყავი ან არ მომწონს. მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი. ნებისმიერ სხვა მომენტში, როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ იქნება პოლიტიკური მდგრადობა, მე ხელს შევუწყობ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე. ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრად და ეს ლეგიტიმურია, მაგრამ მე უნდა დავინახო, რომ მართლა უმრავლესობამ აირჩია ეს მინისტრი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, "დაინახეთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ "მე დანახვის პროცესში ვარ".

გიორგი მარგველაშვილის თქმითვე, ის მზად არის თინა ხიდაშელთან შესახვედრად, თუმცა, თავდაცვის მინისტრები ასე ხშირად არ უნდა იცვლებოდნენ.

"კონსტიტუცია არანაირად არ გულისხმობს არცერთი მინისტრის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციას, თუმცა, მიმაჩნია, რომ კონსულტაცია საერთოდ დადებითი პროცესია. მე ხაზგასმით ვთქვი ის, რომ ასე ხშირად თავდაცვის მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ. მე ალასანიას შეცვლაზეც ნეგატიური რეაქცია მქონდა. ამ შემთხვევაშიც, მე მირჩევნია ბევრად მეტი სტაბილურობა. აქ არ არის არანაირი პოლიტიკური თემა, აქ არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ქართულ არმიას და ქართულ ჯარს. რამდენიმე საათში არ უნდა ვიგებდეთ, რომ იცვლება თავდაცვის მინისტრი - ასე იყო ალასანიაზე და ასე იყო მინდია ჯანელიძეზეც. თინა ხიდაშელს შევხვდები ყოველთვის აბსოლუტურად დიდი გახნილობით - იქნება ის თავდაცვის მინისტრი თუ იქნება ის დეპუტატი. ეს ურთიერთობა აქამდეც იყო და შემდეგშიც გაგრძელდება", - თქვა პრეზიდენტმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავრობის განახლებული შემადგენლობა 1-ლ მაისს წარუდგინა. გარემოს დაცვის მინისტრად პრემიერმა გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა დაასახელა, თავდაცვის მინისტრად - თინა ხიდაშელის, ხოლო სპორტის მინისტრად - ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

 

კომენტარები