სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება

ტაბულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება". მან ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას "დროულად გადაუგზავნის". ღარიბაშვილის თქმითვე, პარლამენტის წევრები მზად არიან საკომიტეტო განხილვებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის.

"გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა კომენტარი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, როგორც მე შევიტყვე, რომ დროულად მოხდეს განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კვირას თბილისს მნიშვნელოვანი დელეგაციები ესტუმრებიან.

"კვირისთვის უკვე ველოდებით სტუმრებს. ჩამოდის ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რაც არის პირველი შემთხვევა. ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი მომავალ კვირას, ძალიან დატვირთულები ვართ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მთავრობის განახლებული შემადგენლობა 1-ლ მაისს წარუდგინა. გარემოს დაცვის მინისტრად პრემიერმა გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა დაასახელა, თავდაცვის მინისტრად - თინა ხიდაშელის, ხოლო სპორტის მინისტრად - ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

კომენტარები