დაკავება

ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების დაკავების ფაქტს ეხმაურება. ფედერაციის განცხადებით, ის მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილი - გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.

"სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ, არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ, მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არაერთი მაგალითის მიუხედავად, მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ქართული საფეხბურთო ლიგების რამდენიმე გუნდის ფეხბურთელი. ისინი ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.

"გამოძიებამ დააადგინა, რომ დაკავებული პირები ათიათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების წინასწარ დაგეგმილი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ ონლაინ-ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ინაწილებდნენ.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები