სამართალდამცველებმა შუახევში მომხდარი მკვლელობისთვის 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 3 მაისს, დაბა შუახევში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებულ დათო დ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე, დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ, 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ-ს და ვაჟა დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).





