რიგის სამიტი

ბაქრაძე: რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს

http://greece.mfa.gov.ge/

რიგის სამიტზე გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძის განცხადა.

ბაქრაძის განცხადებით საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ე.წ. საშინაო დავალება შეასრულა. მისი განცხადებით არის მოლოდინი, რომ პროგრესი რომელიც საქართველომ განიცადა სათანადოდ იქნება აღნიშნული რიგის სამიტზეც, თუმცა სამიტზე უვიზო რეჟიმის მიღებას არ უნდა ველოდოთ.

"რიგის სამიტი არ არის ის ფორმატი, რომელზეც საქართველო ასეთი გადაწყვეტილებას მიღებას ელის, არამედ, ელის პროგრესის აღიარებას. ამის შემდგომ იქნება პროცედურები ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტით ევროპაში უვიზო მგზავრობის უფლებას. ჩვენ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ შეიძლება 23 მაისს შეგვეძლება უვიზო მიმოსვლა, თუმცა რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება. არის სხვა მოლოდინები, რომ ევროკავშირმა აღიაროს ამ სამი სახელმწიფოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. ამას ჰყავს თავისი სკეპტიკოსები და გულმხურვალე მხარდამჭერებიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელმწიფოები, მიუხედავად იმ ეკონომიკური თუ სამხედრო წნეხისა აგრძელებენ სწრაფვას ევროპისაკენ" - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ ყველა დავალება სათანადოდ შეასრულა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიას საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენება ჯერ არ გაუკეთებია, ბაქრაძის განმარტებით, ეს საკითხი ვერ იქნებოდა ასახული რიგის სამიტის დეკლარაციის პირველად პროექტში, რომელიც გავრცელდა.

"პირველადი პროექტი ყოველთვის ნედლი მასალაა, რომელიც შემდგომ მდიდრდება იმ პროგრესის აღნიშვნით, რომელსაც თითოულმა სახელმწიფომ მიაღწია. რომელშიც უნდა აისახოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც საქართველომ უკანასკნელ პერიოდში განახორციელა და იქ იქნება აღნიშნული საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ" - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები