სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი პარლამენტს: გთხოვთ, დაჩქარებულ ვადებში გამოუცხადეთ მთავრობას ნდობა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში გამოუცხადონ მთავრობას ხელახალი ნდობა. როგორც ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "თუ შესაძლებელი იქნება, იქნებ ამ კვირაშივე დასრულდეს შესაბამისი პროცედურები". ამის მიზეზად ღარიბაშვილმა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლების დაგეგმილი ვიზიტები დაასახელა.

"რიგის სამიტთან დაკავშირებით ქალბატონი წულუკიანი მიემგზავრება საფრანგეთში, ბატონი გომელაური გერმანიაში, ქალბატონი ბერუჩაშვილი ამერიკა-ევროპაში, ასევე ევროპაში ვიზიტები აქვს დაგეგმილი ბატონ დავით ბაქრაძეს. ეს ვიზიტები ემსახურება რიგის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს და მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ რიგის სამიტისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შედეგი იყოს მაქსიმალური. ამ ობიექტური გარემოებების და მიზეზების გათვალისწინებით, მე მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება და თუ შესაძლებელი იქნება, ამ კვირაშივე დასრულდეს შესაბამისი პროცედურები კანონის მიხედვით. პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და რეფორმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება მთავრობასა და ჩვენს გუნდში, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - დაჩქარდეს რეფორმები, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდეს, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები