სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: მთავრობაში მხოლოდ სპორტის და გარემოს დაცვის მინისტრები შეიცვლება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ღარიბაშვილის თქმით, "ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმაც დატოვეს თანამდებობები. ეს არის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვის მინისტრი".

"კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ცვლილებები, რა თქმა უნდა, მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიკურ პროცესში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით. კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს საერთო პოლიტიკური მიზნები და სწორედ ეს იდეა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად", - განაცხადა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და აღნიშნა, რომ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის თხოვნით ერთი თვის წინაც მიმართა.

"მე გული დამწყდა ლევან ყიფიანის წასვლის გამო. მას ვესაუბრე, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებს. ჩვენ ყველა რესურსი გამოვიყენეთ, რომ შეჯერებულიყო მათი პოზიციები, თუმცა ამის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ყიფიანმა ერთი თვის წინ მომმართა გადადგომის თხოვნით, არ დავაკმაყოფილე და ეს საჯარო არ გამხდარა. დღეს მან გადაწყვიტა, რომ გადადგომა საჭიროა და მე მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვებ წარმატებებს. მისი დაგროვილი გამოცდილება გამოსაყენებელია სპორტის განვითარებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები