სამთავრობო ცვლილებები

გაბაშვილი: მთავრობის დაშლა გვიჩვენებს ივანიშვილის კულისებიდან მართვის კრახს

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, "გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან" და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება. როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, თუ პარლამენტი ისევ "ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას" დაამტკიცებს - კრიზისი გაღრმავდება, ლარი გაუფასურდება და მოსახლეობის შემდგომი გაღარიბება შეუქცევადი გახდება.

"გავიდა 5 კვირა მას შემდეგ, რაც ათი ათასობით ადამიანმა თავისუფლების მოედანზე მთავრობას წითელი ბარათი უჩვენა. დღეს მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთავრობა უუნარო და არაქმედიათია. რომ ამ მთავრობამ ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა. სამწუხაროდ, მთავრობას არ ეყო გამბედაობა, ეღიარებინა ეს კრიზისი და გადამდგარიყო, მაგრამ როგორც ამბობენ, ჭირი თავს არ დამალავსო და ღარიბაშვილის მთავრობა ფაქტობრივად დაიშალა. მთავრობის ეს დაშლა გვიჩვენებს არა მხოლოდ ღარიბაშვილის მთავრობის უნიათობას, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის კულისებიდან მართვის კრახს. ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და დანიშნოს არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტული მთავრობა, არამედ გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც შეაჩერებს ეკონომიკის ნგრევასა და ჩამოშლას და სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანას არჩევნებისთვის მოამზადებს.

თუ საქართველოს პარლამენტი ისევ ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას დაამტკიცებს - კრიზისი გაგრძელდება, უფრო მეტიც გაღრმავდება, ლარის გაუფასურება და მოსახლეობის შემდგომი გაღარიბება შეუქცევადი გახდება. ახლა მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტზეა - ეყოლება საქართველოს მთავრობა, რომელიც ივანიშვილს ემსახურება თუ მთავრობა, რომელიც ხალხის ნებას აღასრულებს", - განაცხადა გაბაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ეცნობოს. პრეზიდენტი 1 კვირის ვადაში პარლამენტში წარადგენს მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად, საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. მთლიანი პროცედურა მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება.

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

კომენტარები