ვანო მერაბიშვილის საქმე

მოსამართლესა და ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელი პროცესი პირველია მას შემდეგ, რაც ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები გაერთიანდა. პროცესზე მოსამართლესა და ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მანამდე კი ბრალდებულებმა გიორგი უგულავამ და ვანო მერაბიშვილმა საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლესთან კომუნიკაციაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ მოსამართლის მიერ მათი მისამართით დასმულ ყველა კითხვას პასუხს ადვოკატები გასცემენ. ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის დაპირისპირების მიზეზი ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული პოლიტიკური შინაარსის განცხადება გახდა. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა რამდენჯერმე სცადა ყოფილი პრემიერმინისტრისათვის საუბარი შეეწყვეტინებინა, ბრალდებულმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც მრელაშვილმა სხდომა დახურა და სასამართლო დარბაზი დატოვა.

"ტრადიციულად ასაბუთებენ ადვოკატები, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაშია, რისი საჭიროებაც დღეს არ არსებობს. ყველამ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ გიგისთან მიმართებით მდაბიური გამოსავალი იპოვა. საზოგადოებაში პესიმიზმი გაჩნდა, რომ ტარიფები გაიზრდება და ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. მინდა, ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, რომ სიტუაცია არ არის პესიმისტური. როდესაც ნორმალური ხალხი დაბრუნდება მთავრობაში, სიტუაცია შემობრუნდება. ეს უკრაინამაც დაამტკიცა, როდესაც რამდენიმე პირმა სიტუაცია უკრაინაში გამოასწორა. როდესაც ეს ხალხი დაბრუნდება, ვინც ამ ხროვის ნათესავი არ არის, სიტუაცია საქართველოში უკეთესობისკენ წავა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, როგორც ადვოკატებმა პროცესზე განმარტეს, მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, დაადასტურებდა, რომ უგულავას საქმის განხილვისას პროკურატურის მხრიდან ზეწოლას არ განიცდის, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

7 ნოემბრის საქმეზე, ტელეკომპანია იმედის ეპიზოდზე, ცალკე გამოყოფილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ამავე საქმეზე სხვა ბრალდებულებთან - გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან, დავით კეზერაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან წინასასამართლო სხდომაზე გაერთიანდა. ამის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საქმე ცალკე წარმოებად სწორედ პროკურატურის შუამდგომლობით გამოიყო. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, საქმის კიდევ ერთხელ გაერთიანება გიგი უგულავასთვის პატიმრობის გაგრძელებას ემსახურება. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ თავდაპირველად საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა გამოძიების ინტერესში შედიოდა, ახლა კი გაერთიანება იმისთვის გახდა საჭირო, რომ საქმის განხილვა არ გაჭიანურდეს.

კომენტარები