დაპირისპირება გურჯაანში

ენმ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, გურჯაანში აქციას აღარ გამართავს

ლევან თარხნიშვილი
თეორემა / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს დაგეგმილ აქციას გურჯაანში აღარ გამართავს. პარტია განმარტავს, რომ არ არსებობდა უსაფრთხოების გარანტია. მათი თქმით, მით უმეტეს მაშინ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავდა.

"ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას. ხალხის დაპირისპირებას ერთმანეთთან, მაგრამ შემიძლია დავპირდე ამ გამგებელსაც და მთლიანად ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

მას შემდეგ, რაც აქციის გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, გურჯაანის გამგებელმა ოპოზიციას აქციის ჩასატარებლად გურჯაანის სტადიონი შესთავაზა და უსფართხოების დაცვას დაჰპირდა.

აქცია გამგებლის გადადგომის მოთხოვნით დღეს, დღის მეორე ნახევარში, გურჯაანის გამგეობის შენობასთან უნდა გამართულიყო.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გუშინ გაასაჯაროეს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში კორუფციული გარიგებებისა და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზეა საუბარი. როგორც პარტიაში ამბობენ, რაიონში დაგეგმილი პროექტები განსახორციელებლად ისეთ კომპანიებს გადაეცათ, რომლებიც გამგეობის მაღალჩინოსნების ნათესავებს, ახლობლებს და მეგობრებს ეკუთვნით. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ არაერთი მსგავსი კომპანია ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა შექმნილი.

პოლიტიკური ოპონენტები ტენდერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. როგორც გურჯაანის გამგებელი ამბობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო გაფორმებული. ახლობლებისა და ნათესავებისთვის პრივილეგიის მინიჭების ფაქტს გამორიცხავს გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეც.

კომენტარები