ელექტროენერგიის ტარიფი

პრემიერი: ელექტროენერგიის ფასის მომატება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა. მან ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგო-პრო ჯორჯიასა და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები საჯარო აღარ გახადონ, ვინაიდან მოსახლეობას ძაბავს. 

"მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. ძალიან გთხოვთ ყველას – ენერგო-პროს წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ გახდეს საჯარო. თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მატება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10 სექტემბერს გაირკვევა, გაძვირდება თუ არა თბილისისა და კახეთის გარდა, მთელი საქართველოსთვის ელექტროენერგიის ტარიფი. ქვეყნის ყველაზე მსხვილმა ელექტროსადისტრიბუციო კომპანია ენერგო-პრომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომპანიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა. ენერგო-პროს განმარტებით, მათ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება გაიზარდა, რის გამოც არსებული ტარიფი რეალურ საბაზრო ფასზე ნაკლებია, თუმცა ენერგოპრო ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუ რა არის მათთვის მისაღები. ენერგო-პროს სახელმწიფო 60 მილიონ დოლარსაც ედავება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ტარიფის ზრდას არ უკავშირდება.

სემეკში აცხადებენ, რომ ისინი ენერგო-პროს მოთხოვნას შეისწავლიან, რისთვისაც მათ დაახლოებით ექვსთვიანი ვადა აქვთ. ამასთანავე სემეკში ამბობენ, რომ მათთან ტარიფის კორექტირების მოთხოვნით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და მტკვარი ენერგეტიკამაც შეიტანა განაცხადი.

კომენტარები