ნეპოტიზმი

მედიატორი მერიაში სავარაუდო ნეპოტიზმის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

amerikiskhma.com

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი თბილისის მერიაში სავარაუდო ნეპოტიზმის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ტაბულასთან აცხადებს, რომ დავით ნარმანიას ბიძაშვილის, ნათია ნარმანიას მეუღლე მერიის დაცვის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამარ კორძაიას ქმარი კი, სინათლის ქალაქში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელია.

ტაბულამ ინფორმაცია თამარ კორძაიასთან გადაამოწმა. დეპუტატი ადასტურებს, რომ მისი მეუღლე სინათლის ქალაქში მუშაობს, თუმცა არა ნეპოტიზმის, არამედ შესაბამისი კვალიფიკაციის გამო. კორძაიას თქმით, ზაზა მენაბდე აქამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახური შეიცვალა.

რაც შეეხება დავით ნარმანიას ბიძაშვილის მეუღლეს, ტაბულას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგვაწვდიან, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.

მედიატორი სავარაუდო ნეპოტიზმის სხვა ფაქტებზეც საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის სატრანსპორტო სამსახურშია დასაქმებული; საკრებულოს წევრის - ჯაბა სამუშიას მეუღლე - საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში; ნაძალადევის გამგებლის - ზაზა გაბუნიას ცოლისძმა ჩუღურეთის გამგეობაში; გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ზაზა გაბუნიამ სამხედრო განყოფილების უფროსად თავისი მეგობარი, 22 წლის ირაკლი ლაჩინოვი დანიშნა, რომელსაც სამხედრო სამსახური თავად გადადებული აქვს.

სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირება ტაბულამ ვერ შეძლო - დეპუტატი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება ჯაბა სამუშიას, თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საკრებულოს წევრი დღეს ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს. იმავე პოზიციაზეა ზაზა გაბუნიაც, თუმცა ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურში ფოკუსს უთხრეს, რომ 22 წლის ირაკლი ლაჩინოვი უკვე ორი თვეა გამგეობაში აღარ მუშაობს.

კომენტარები