საქართველოს ეკონომიკა

ვიცეპრემიერის თქმით ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა გადაიხედოს

საქართველოს ვიცეპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირების მიმართულებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, ბიუჯეტის  პარამეტრების კორექტირებაზე საუბარი მეორე კვარტლის დასრულებამდე ნაადრევია.

"ორი კვარტლის ბოლოს გაცილებით უფრო ნათელი სურათი გვექნება და პროგნოზი უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება რომ გაკეთდეს, ამიტომ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2%-მდე შესამცირებელია ზრდის პროგნოზი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თვითონ ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უპრიანი იქნება", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობა თავდაპირველად ბიუჯეტის შემცირებას გეგმავდა, თუმცა დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ საუბარი არა ბიუჯეტის შემცირებაზე, არამედ მისი სტრუქტურის შეცვლაზე და ინფრასტრუქტურილი ხარჯების ზრდაზე მიმდინარეობს.

"ის, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა წელს, თუ ჩვენ არ შევხედეთ და არ გაანალიზდა პირველი კვარტლის შედეგები, მანამდე ამის თქმა არის შეუძლებელი. არანაირ ბიუჯეტის შემცირებაზე საუბარი არ მიდის, ჩვენ ვცდილობთ, საიმინისტროები კიდევ აგრძელებენ მუშაობას, რომ მიმდინარე ხარჯები მაქსიმალურად შეზღუდონ და ეს თანხა მიმართონ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ეს იქნება ბიუჯეტის სტრუქტურის ცვლილება და არა შემცირება და ა.შ", - განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოში სავალუტო შემოდინებების შემცირებისა და რეგიონში მიმდინარე კრიზისის ფონზე დღეისათვის 5%-იანი ზრდის უცვლელად დატოვება იმის რისკს ზრდის, რომ მთავრობას 5%-იანი ზრდით გათვალისწინებული საბიუჯეტო შემოსავლების მიღება გაუჭირდეს. ეს კი ბიუჯეტის გარღვევის რისკს ზრდის.

 

კომენტარები