საბანკო სექტორი

მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 14%-ით გაიზარდა

REUTERS | Associated Press

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მარტში საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი და 305 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო წინა თვესთან შედარებით ვადაგადაცილების მოცულობა 4%-ით არის გაზრდილი. ვადაგადაციელბული სესხების რაოდენობის ზრდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას დღეს ბანკისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, რაც იმის რისკს ზრდის, რომ მან შესაძლოა ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. წინა წელთან შედარებით უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცლებული სესხების მოცულობა 14%-ით არის გაზრდილი, თებერვალთან შედარებით კი ზრდა 4.5%-ს შეადგენს. 

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვნებელიც წინა წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი, ხოლო თებერვალთან შედარებით ვადაგადაცილების ზრდა 3%-ს შეადგენს. ლარის გაუფასურების გამო ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულების ისეთივე მნიშვნელოვანი ზრდა, როგორიც უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე იყო, არ მომხდარა, რადგანაც ბანკებს სესხის საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად არ გადაუხედავთ. თუმცა ზრდა იმ მომხმარებლებს შეეხოთ, ვისი სესხიც ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე იყო მიბმული, რაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში 0.5%-ით გაზარდა. არსებობდა ვარაუდი, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკა ნახევარ პროცენტზე უფრო მეტად უნდა გაეზარდა, თუმცა ეს ნაბიჯი პირველ რიგში მათ დააზარალებდა, ვისაც სესხები ეროვნულ ვალუტაში ჰქონდათ აღებული და, ამასთან ერთად, ქვეყნის კერძო სექტორისთვის ფინანსების მიწოდებას შეამცირებდა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახებოდა.

საინტერესოა, რომ ეროვნულ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი 76% მოკლევადიან სესხებს ეხება, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების ძირითადი ნაწილი 61% - გრძელვადიან სესხებს. 

ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების შედეგად ადგენს. ვადაგადაცილებული სესხები კი არის კლიენტებზე გაცემული სესხებით ვადაგადაცილებული დავალიანების თანხები, რომლებიც არ არის დაფარული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

კომენტარები