მთავარი პროკურატურა

რატიანი: ბადაშვილი მხოლოდ ივანიშვილის ინსტრუმენტი და მომსახურე პერსონალია

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც იზიარებს. დეპუტატებს კითხვები პროკურატურაში ერთი თვის წინ შექმნილ დეპარტამენტზე აქვთ. საპარლამენტო ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. 

"ამ დეპარტამენტის შექმნა, როგორც აჩვენებს მთელი ეს გასული დრო, არის აუცილებელი მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა განახორციელოს, სხვა მიზნები მას არ აქვს. ამიტომ, თავისუფალი დემოკრატებისთვისაც, დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები საკმაოდ ბუნდოვანია. ბადაშვილი არის მხოლოდ ინსტრუმენტი, მომსახურე პერსონალი ბიძინა ივანიშვილის ხელში," - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.  

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, თავად ბადაშვილმა აუხსნას კანონმდებლებს, რა ხდება ახალი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე.

"არა მარტო ოპოზიციას, არამედ უმრავლესობას და ხელისუფლებასაც უნდა აინტერესებდეს, რას და როგორ აპირებს დღევანდელი პროკურატურის ე.წ. ახალგაზრდა გუნდი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისთვის თავის გართმევას." - აცხადებს ზურაბ აბაშიძე. .  

თავისუფალმა დემოკრატებმა გიორგი ბადაშვილის პარლამენტში მისვლის საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა დააყენონ. 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 4 მარტს შეიქმნა. მას ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. ნადარეიშვილის თქმით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიზანია, გამოიძიოს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტებს. ასევე, ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელეს ან მასთან გათანაბრებულ პირს ამხელენ.

კომენტარები