უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო: ნინო გვენეტაძე შვეიცარიის ელჩთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის ინტერვიუს, რომელიც მან ჟურნალ FINANCIAL-ს მისცა. კერძოდ, ელჩის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში. 

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, "ნინო გვენეტაძემ ელჩთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რათა მიეღო ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა ფაქტებს და გარემოებებს ეყრდნობოდა ელჩი". თუმცა იმის გამო, რომ დიპლომატი საქართველოში არ იმყოფება, შეხვედრა ამ ეტაპისთვის ვერ შედგა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გეგმავს მოსამართლეთა კორპუსთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად უახლოეს მომავლში შეხვდეს ბატონ გიუნტერ ბეხლერს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღიაა დიალოგისთვის და პრობლემებზე საუბრისთვის, ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ყველა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ემსახურება" - აცხადებს უზენაესი სასამართლო და აღნიშნავს, რომ შვეიცარიის ელჩთან შეხვედრის დეტალების დაზუსტების შემდეგ, ადმინისტრაცია საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

კომენტარები