ინტერვიუ გიუნტერ ბეხლერთან

შვეიცარიის ელჩი მთავრობას: შეაჩერეთ უსამართლო გადასახადები და მექრთამეობა

გიუნტერ ბეხლერი
Financial

საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე. შვეიცარიის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეჩერდეს აღნიშნული და გაგრძელდეს ბიზნესისთვის მეგობრული გარემო ქვეყანაში. ბეხლერმა ინტერვიუ FINANCIAL-ს მისცა.

"არსებობს ზოგადი აღქმა, რომ რეგიონში არის პრობლემები, პოტენციური კონფლიქტები, უსაფრთხოების რისკები და გეოპოლიტიკური პოლარიზაცია. თუ რეგიონული უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა მიიღწევა, ინვესტიციების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. როდესაც არის ქვეყანაში შიდა რისკები - მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები ან ჯარიმები, შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც რისკები ინვესტორებისთვის. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან. თუ ეს მართალია, ის გავლენას მოახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებებზე და ხელს შეუშლის ხელისუფლების მცდელობებს, მიიღონ მეტი ინვესტიცია საქართველოში. უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ სასამართლოში საქმეს აგებენ ძალიან უცნაური გარემოებებითა და მტკიცებულების გამოყენებით. სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებების იღებენ ქრთამის და არა მტკიცებულებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. თუ ეს მართალია, მე მხოლოდ შემიძლია, ვთხოვო ხელისუფლებას, ეს შეაჩეროს რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან ეს შეიძლება, გახდეს მთავარი რისკ-ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება როგორც პარტნიორები, მხარდამჭერები და ნოვატორული გზისმკვლევები",-თქვა გიუნტერ ბეხლერმა.

ელჩს სჯერა, რომ საქართველო მარტივად აირიდებს საგარეო რისკებს, თუ მას უფრო ძლიერი და ერთიანი საშინაო პოლიტიკა ექნება. "რადგან შვეიცარია რჩება შიგნით ძლიერი, ვხვდებით უფრო ნაკლებ გამოწვევებს გარედან და ევროპაში მიმდინარე რთული მოვლენებისგან. ამიტომ არის, რომ შვეიცარია რჩება საკმაოდ მიმზიდველად მეზობელი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გამოიყენებს თავის პოტენციალს, რათა გახდეს უფრო მიმზიდველი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა რეგიონში, ეს გაზრდის ინტეგრაციას ან კომუნიკაციას არა მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან, არამედ მეზობელ ქვეყნებთან.

შვეიცარიის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 4.7 ამერიკული დოლარი შეადგინა, როდესაც წინა წელს 17 მილიონი იყო. მიუხედავად ამისა, ელჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ მომავალ წლებში შვეიცარიული ინვესტიციები გაიზრდება. მისი თქმით, უფრო მეტმა შვეიცარიულმა კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი აგრარულ სფეროში, საკვებ პროდუქტებში, მწვანე ტურიზმსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაში.

ბეხლერი თვლის, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარებისთვის აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, დიდი პროექტების ნაცვლად. "იმის გათვალისწინებით, რომ ჩანს, უკრაინის კონფლიქტს დასასრული არ უჩანს, იმისთვის, რომ შემცირდეს გარე შოკები და საქართველო გახდეს სტაბილური, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვით შესაძლებლობებში და სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით", - ამბობს ბეხლერი.

"იმისთვის, რომ მიიზიდოს საქართველომ გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციები უნდა ჰქონდეს ეფექტური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რეგიონული განვითარებისთვის.
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჰაბი, უნდა გაუმკლავდეს უსაფრთხოების საკითხებს, გლობალურ კონკურენციას, განსხვავებულ ინტერესებს რეგიონში და ა.შ. ვინაიდან დიდი ინვესტორებისთვის ბაზარი პატარაა, მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტორები შესაძლოა, შეშინდნენ უსაფრთხოების ნაკლებობის გამო. დემოკრატია, ღიაობა, ლიბერალური თავისუფლებები და განათლებული მოქალაქეები არის დიდი სიმდიდრე რთული გარემოს მიმზიდველობისთვის.

საქართველოს სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების პოლიტიკა. შვეიცარიას შეუძლია, იყოს ამ კუთხით მისი პარტნიორი. დიდი ინვესტიციები ერთ პროექტში, როგორიცაა ჰესები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადგილობრივებს მოუტანოს შემოსავალი. შეხედეთ დასავლეთ ევროპას - რატომ არის გერმანიაში, შვეიცარიაში და სკანდინავიის ქვეყნებში წარმატებული ეკონომიკა? მთავარი მიზეზი არის ის, რომ შემოსავალი და ზრდა დაფუძნებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე. ეს არის წარმატებული ეკონომიკის ხერხემალი", - თქვა ბეხლერმა FINANCIAL-თან ინტერვიუში.

კომენტარები