მინდია ჯანელიძე პარლამენტში

ჯანელიძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს მოუსმენენ

ტაბულა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს, 13:00 საათზე თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მოუსმენენ.

უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა უსაფუძვლო განცხადებები. დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრი მზად არის მივიდეს პარლამენტში და მას დღეს კომიტეტი მოუსმენს.

თავდაცვის მინისტრთან კითხვები და მოთხოვნები აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

თავისუფალ დემოკრატებს უსაფრთხოების საკითხზე მინისტრის ხედვა აინტერესებთ და ასევე მისი პოზიცია ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ხუთი ადამიანის პატიმრობაში ყოფნაზე.

„ჩვენ გვაინტერესებს NATO-სთან უელსის სამიტზე მიღწეული ინტენსიური თანამშრომლობის პაკეტის შესრულების მიმდინარეობა, ასევე გვაინტერესებს ის პოზიციები, რომლებიც მინისტრს აქვს ასახული მის მინისტრის ხედვაში და პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველომ უნდა გადახედოს და შეცვალოს გეგმები თუ როგორ უნდა განვითარდეს მისი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ანტისატანკო თავდაცვა და ასევე საარტილერიო შესაძლებლობები. აქტუალურია ასევე თავდაცვის მინისტრმა დააფიქსიროს პოზიცია, თუ რატომ არის ის 5 ადამიანი დაკავებული მაშინ, როდესაც მათ თითქმის მთელი სამინისტრო თავდებში უდგებოდა“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კი, ჯანელიძე საქართველოს უსაფრთხოების სისტემას აკნინებს და ის უნდა გადადგეს.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანის მინისტრად დანიშვნის დღიდან მიზანმიმართულად მიდის საქართველოს უსაფრთხოების სისტემების დაკნინება, ზოგადად ჯარის და სამხედრო ძალების როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინება. მთელი რიგი შეცდომები და დანაშაულებია ჩადენილი ამ მიმართულებით. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ეს უნიათო მინისტრი ჯანელიძის სახით, ისევე როგორც მთელი მთავრობა, გადადგეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ აქციას სახელწოდებით "ქოლგით ქვეყანას ვერ დაიცავ" მართავს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაცია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმს შეეხება. ისინი მოუწოდებენ მინისტრს გააგრძელოს მემორანდუმზე მუშაობა, რათა საქართველოს ცა იყოს დაცული და ქართველები თავს ქოლგებით არ იცავდნენ.

კომენტარები