ჯანელიძის დაბარება პარლამენტში

სესიაშვილი: თავისუფალ დემოკრატებს ვურჩევ, ღია კარის მტვრევას თავი დაანებონ

ტაბულა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავისუფალი დემოკრატების მიერ თავდაცვის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას "ღია კარის მტვრევას" უწოდებს.

"ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრი მზადაა, მოვიდეს კომიტეტზე და გააკეთოს მოხსენება. თავისუფალ დემოკრატებს ვურჩევ, რომ ღია კარის მტვრევას თავი დაანებონ. იმიტომ, რომ ეს ყველასათვის ცნობილია, უბრალოდ, ტექნიკურად ვერ დავემთხვიეთ - ხან მე ვიყავი საზღვარგარეთ, ხან ბატონი მინდია. ახლაც იგივე სიტუაციაა, ბატონი მინდია საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. მე ხვალ მივფრინავ. ასე რომ, ამ ტექნიკური საკითხების გამო გარკვეულწილად გადაიდო, მაგრამ მინისტრი პრინციპულად მზად არის, რომ ანგარიშით წარსდგეს პარლამენტის წინაშე", - თქვა სესიაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები თავდაცვის მინისტრს პარლამენტში კვლავ იბარებენ. მათ მინდია ჯანელიძესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და, ზოგადად, თავდაცვის სფეროს განვითარებაზე აქვთ კითხვები. პარტიის წევრების განცხადებით, უკვე 5 თვეა, მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. მათივე განცხადებით, "თავდაცვისუნარიანობის დაგეგმვა ჩაკეტილ კაბინეტში არ შეიძლება".

კომენტარები