ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, სხვა პრობლემებთან ერთად, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის შეფერხების გამო უნდა დადგეს.

პარტიის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ჯანელიძემ დანიშვნის პირველ დღესვე თითქმის პირველ მოადგილედ მოიყვანა ბურჯანაძის თანამებრძოლი, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანი. მერე გააკეთა სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი განცხადება მთელი საქართველოსთვის უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ გმირზე. ახლა ირკვევა, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტებიდან ამოღებას ცდილობს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის, როგორც პრიორიტეტის. თითოეული დღე ამ ადამიანის ამ თანამდებობაზე ყოფნის არის ზიანი, დასუსტება და საფრთხის ქვეშ ჩაგდება საქართველოს ჯარის და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის".

გივი თარგამაძის თქმით კი, "შეფერხებებით მიმდინარეობს NATO-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა. გარდა ამისა, უკვე პრაქტიკულად დასტურდება, რომ სწორედ მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა საფრანგეთთან მოლაპარაკებების ჩაშლას ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით".

ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან, შესყიდვებთან, საკადრო პოლიტიკასთან და თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმესთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატები მინდია ჯანელიძეს პარლამენტში იბარებენ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი თავდაცვის მინისტრის დაბარების მიზეზს ვერ ხედავენ.

თავდაცვის მინისტრის პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნებზე ამ დრომდე უცნობია. უწყება ოპოზიციის განცხადებებს არ გამოხმაურებია.

თავდაცვის მინისტრთან დაკაშირებით განცხადება გუშინ გააკეთა პრემიერმინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ერთიანი ნაცოიანალური მოძრაობა და ირაკლი ალასანიას გუნდი თავდაცვის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

კომენტარები