ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნა

ბესელია: მე არ მჯერა არც ერთი ფაქტის, რომელზეც საუბრობს თარგამაძე ან ბოკერია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, გადადგეს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი ეკა ბესელია გამოეხმაურა. 

"მე არ მჯერა არც ერთი განცხადების და არც ერთი შეფასების ან ფაქტის, რომელზედაც საუბრობს ან თარგამაძე ან ბოკერია. მათთვის სანიმუშო სტანდარტი, თავდაცვის მინისტრი როგორი უნდა იყოს, ვიცით, ასეთი იყო ბაჩანა ახალაია. ამ სტანდარტებით მოსაუბრე ადამიანებისგან მე ვერ მივიღებ ვერც ერთ შეფასებას და ვერც ერთ განმარტებას", - განაცხადა ბესელიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მინდია ჯანელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, სხვა პრობლემებთან ერთად, ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის შეფერხების გამო უნდა დადგეს.

პარტიის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ჯანელიძემ დანიშვნის პირველ დღესვე თითქმის პირველ მოადგილედ მოიყვანა ბურჯანაძის თანამებრძოლი, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანი. მერე გააკეთა სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი განცხადება მთელი საქართველოსთვის უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ გმირზე. ახლა ირკვევა, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტებიდან ამოღებას ცდილობს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის, როგორც პრიორიტეტის. თითოეული დღე ამ ადამიანის ამ თანამდებობაზე ყოფნის არის ზიანი, დასუსტება და საფრთხის ქვეშ ჩაგდება საქართველოს ჯარის და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის".

კომენტარები