პოლიციელის მკვლელობა

წულუკიანი: რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტატეგიას უნდა გადავხედოთ

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მოსაზრებით, დანაშაულთან ბრძოლის სტატეგია უნდა გადაიხედოს, მაგრამ ისე, რომ საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს.

"პირველ რიგში მინდა იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც ჩვენი თვალსაჩინო ახალგაზრდის, პოლიციელის სიკვდილით დასრულდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ვიცი, რომ არც ერთი პოლიციელის, ძალოვანის, საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ კანონების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს დანაშაულთან ბრძოლისთვის არ კმარა. გუშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული იარაღის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს, რაც ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ და, რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტატეგიას უნდა გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს შეიარაღებულმა პირმა პოლიციელები ბექა მარგიშვილი და ვალერიან გრძელიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. როგორც პროკურატურა იუწყება, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და დადგენილია თავდამსხმელი პირის ვინაობა. ის 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძეა, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის მკვლელობისა და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. იგი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათზე, შალვა აბულაძე შეამჩნიეს თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცველების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით და შეძლო მიმალვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან აბულაძე შეიარაღებულია; ასევე საზოგადოებას მიმართავს, თუ აქვთ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

კომენტარები