პოლიციელის მკვლელობა

პრემიერი პოლიციელებს: თქვენ გაქვთ უფლება, დაიცვათ საკუთარი სიცოცხლე

ტაბულა

"მივმართავ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განაცხადა. მან დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა. პრემიერის განცხადებით, წინააღმდეგობის შემთხვევაში, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, ბრალდებულ შალვა აბულაძის ლიკვიდაცია მოახდინონ. 

"მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა, გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად ამაზრზენი ფაქტი. მე სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო ის ადამიანი, ის არაადამიანი... გახსოვთ, ჯერ ბორჯომში ერთი პოლიციელი მოკლა, იმავე პიროვნებამ ახლა მოკლა მეორე პოლიციელი. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებზე ხელის აღმართვა. მე მოვუწოდე შინაგან საქმეთა მინისტრს, პროკურატურას, ყველას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა. ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მე მივმართავ ყველა პოლიციელს, რომ იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში საკუთარი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან, კრიმინალებს ვგულისხმობ მე, მათი ადგილი აქ არის, მათი ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში, ჩვენს შორის. მათი ადგილი არის ან ციხეში ან სხვაგან. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ და აქვე მინდა, გავიმეორო ის, რასაც ჩემი მინისტრობის დროს ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს - ჩვენ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს, 2-3 ნაბიჯით წინ და ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა, ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი. წინააღმდეგობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, რომ მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია", – განაცხადა პრემიერმინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეს დროულად დააკავებენ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, პოლიციელები ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ. პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "პოლიციელი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის".

კომენტარები