პოლიციელის მკვლელობა

გომელაური: დაჩმორებული პოლიცია კრიმინალებს და რეციდივისტებს არ გამოეკიდებოდა

ტაბულა

"დაჩმორებული"  პოლიცია ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გუშინ ვარკეთილის მეტროსთან მომხდარ ინციდენტს.

დღეს გომელაურმა ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ის გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთანაც მივიდა და მიუსამძიმრა.

გომელაურის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ამა თუ იმ პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პოლიცია დემორალიზებულად და "დაჩმორებულად" მიაჩნიათ. მისი თქმით, დღეს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დგას, რამდენადაც "დაჩმორებული" პოლიცია კრიმინალს არ გამოეკიდებოდა.

" ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენთაგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდა და არა, კიდევ ვიძახი, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან - მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, "დაჩმორებულია". კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების", - განაცხადა გომელაურმა.

გუშინ, უცნობმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები