პოლიციელის მკვლელობა

რატიანი: სანამ ხელისუფლება პოლიციას და სპეცრაზმს დევნის კრიმინალი გაიზრდება

ტაბულა

სანამ ხელისუფლება პოლიციას და სპეცრაზმს დევნის ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა იქნება - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანმა მწუხარება გამოთქვა გუშინ დაღუპული პოლიციელის გამო და განაცხადა, რომ სანამ სახელმწიფო სტატისტიკის გაყალბებით და კრიმინალთან გარიგებითაა დაკავებული, მანამდე მხოლოდ პოლიციელების თავდაუზოგავი შრომა ქვეყანას ვერ უშველის.

„ეს არის ქართული ოცნების ორწლიანი პოლიტიკის შედეგი, როდესაც არამხოლოდ გაათავისუფლეს კრიმინალები არამედ კრიმინალთან პოლიტიკური გარიგება მოხდა. ისინი გმირებად აქციეს, ხდება სტატისტიკის გაუაზრებელი გაყალბება. მნიშვნელოვნად იმატა ქვეყანაში კრიმინალის დონემ. ეს არის შედეგი იმისა, რომ სპეცრაზელები ციხეში არიან და მათი დევნა ხდება, დევნიან პოლიციელებს. ქურდების ხვდებიან აეროპორტებში და აცილებენ. თუ არ იქნება პოლიტიკური გზავნილი, რომ კრიმინალები ჩვენი საზოგადოების მტრები არიან მხოლოდ პოლიციელების თავჩაუხრელი მუშაობა მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.. გრძელდება პოლიციაში ნეპოტიზმი, გრძელდება პოლიციელების დევნა. აი ამ საზოგადოებაში, ასეთი ხელისუფლების პირობებში ძალიან მძიმე კრიმინოგენული ვითარება იქნება და ვერაფერი ამას ვერ გამოასწორებს“ - განაცხადა რატიანმა.

გუშინ, უცნობმა პირმა ორ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები