კახა კალაძე

კალაძე: უდესიანი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების სიაში არ ყოფილა

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მტკიცებით, გია უდესიანი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არ ყოფილა.

“რაც შეეხება უდესიანის ჩართულობას ადგილობრივ არჩევნებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ არის სწორი. განხილვაც კი არ ყოფილა, რომ ის უნდა ყოფილიყო სიაში, ან პარტიასთან ერთად მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. მე შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩართული გახლდით ამ პროცესებში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უდესიანის გვარი არც კი გაჟღერებულა. ცოტა უხერხულია იმ თემაზე საუბარი, რაც არ ყოფილა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ კომენტარი შიხიაშვილის საარჩევნო სიაში შესაძლო ჩასმაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო, თუმცა ის შიხიაშვილის სიაში მოხვედრის წინააღმდეგი იყო.

“ვადასტურებ, შიხიაშვილთან მიმართებაში იყო საუბარი, რომ მას ამა თუ იმ ფორმით მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რისი წინააღმდეგიც წავედი. ჩემი აზრით, ის პიროვნებები, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ, არ უნდა მოხვედრილიყვნენ ჩვენს საარჩევნო სიაში და მათ პარტიასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება მოვახსენე პრემიერს, ის დამეთანხმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შიხიაშვილი არ მოხვედრილიყო სიაში”, - განაცხადა კალაძემ.

გუშინ, ელისო კილაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში საუბრისას გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის გარიგებაზე ისაუბრა.

“ 2013 წელს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ შედგა გარიგება გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს შორის. შუამავალი იყო ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც ხვდებოდა გია უდესიანს გერმანიაში. პირობა გახლდათ ის, რომ 4 დეპუტატი, რომელსაც პირადად აკონტროლებდა გია უდესიანი თბილისის საკრებულოში, ესენი გახლავან ირაკლი შიხიაშვილი, კოკი იონათამიშვილი, ბესარიონ ბენდელიანი, რომელიც მისი ნათესავი იყო და გელა ომანაძე, იქნა გადაბირებული და პორტირებული ქართული ოცნების რიგებში. ამის სანაცვლოდ გია უდესიანმა, მას შემდეგ, რაც გერმანიაში შეხვდა ზვიად ჯანყარაშვილს და მე მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ამ ფაქტების გადამოწმება არ არის ძნელი, ვინ როდის კვეთდა საზღვარს და სად მიდიოდა და ვის ხვდებოდა, მან მიიღო გარანტიები იმისა, რომ მისი ბიზნესი ხელშეუხებელი ყოფილიყო და მეტიც, მან მიიღო გარანტია იმისა, რომ მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იქნებოდა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. გია უდესიანი სხვათაშორის არ უარყოფს ამ ფაქტებს, მას ჰქონდა შემოთვლა ჩემთან და ფაქტიურად დაადასტურა ამ ფაქტების ნამდვილობა, მეტიც მან თქვა, რომ მასთან ერთად ამ გარიგებაში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, რომ ომანაძის გადაბირება ქართულ ოცნების მხარეს მისი დამსახურება არ არის და ამ საქმეში მონაწილეობდა დავით კირკიტაძე ” - განაცხადა კილაძემ.

კომენტარები