სავიზო პოლიტიკა

ვაშაძე: იუსტიციის სამინისტრო სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას ევროპას აბრალებს

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სავიზო პოლიტიკის გამკაცრებას კვლავაც ევროპასთან ინტეგრაციას აბრალებს. ვაშაძე იუსტიციის მინისტრს მიმართავს, დაასახელოს, კონკრეტულად რომელმა ევროპელმა ლიდერმა ან მიგრაციის ექსპერტმა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ვაშაძის თქმით, "წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებები ევროპასთან ინტეგრაციის წინააღმდეგ, ეს წყალს ასხამს ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობლის გეგმებს, რომ ხალხში ევროპასთან ინტეგრაციას ჰქონდეს ნეგატიური კონტექსტი". ამასთან, საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს 2014 წლის პირველ სექტემბრამდე არსებულ სავიზო რეგულაციებს.

"გუშინ პარლამენტი განიხილავდა რეგულაციომანიით შეპყრობილი ადამიანების კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ართულებს ბიუროკრატიულ მექანიზმებს, ვიზების მიღებას საქართველოში და ზოგადად, უცხოელების შემოსვლას. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გამო საქართველომ 400 მილიონი მხოლოდ გასულ წელს დაკარგა. მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ამ ყველაფერს კვლავაც აბრალებს ევროპასთან ინტეგრაციას, თითქოს ევროპაში ვინმემ მოითხოვა ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს არის უკვე მიზანმიმართული კამპანია ევროპასთან ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს აძლევს ხელს FSB-ს მიერ დაფინანსებულ რადიკალურ ჯგუფებს, რომ ისაუბრონ, თითქოს ევროპასთან ინტეგრაცია ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ, მივმართავ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს - დაასახელოს, კონკრეტულად რომელმა ევროპელმა ლიდერმა ან მიგრაციის ექსპერტმა, რა ფორმატში მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ეს არის ტყუილი, არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავი ტიპის მოლაპარაკებებში და არც ერთხელ მსგავსი საკითხი არ დასმულა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლმა საქართველოში ყოფნის, საქართველოში ბიზნესის კეთების და ინვესტირების. ის, რაც გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, ევროკავშირის მოქალაქეებს პრობლემას უქმნის და მათ უწევთ საქართველოს ტეროიტორიის დატოვება. გასულ წელს ამ რეგულაციების გამო ჩვენ უკვე დავკარგეთ 400 მლნ, წელს კი, ყოველთვიურად ვკარგავთ დაახლოებით ას მილიონს. მოვითხოვთ, დაბრუნდეს ის რეგულაციები, რაც იყო 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, რომ საქართველოში შემოვიდეს ტურისტი, შემოვიდეს ინვესტიცია და საქართველოში მიმდინარეობდეს ბიზნესის კეთება", - განაცხადა ვაშაძემ.

სავიზო და ბინადრობის ახალი წესები საქართველოში გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა. ვიზების აღება კი მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია შესაძლებელი. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს მარტში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა, თუმცა გიორგი კანდელაკის ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით მთავრობამ მის მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების ნაწილის გამარტივება თავადაც გადაწყვიტა.

კომენტარები