სავიზო პოლიტიკა

საელჩო: წულუკიანის განცხადება ირანის მოქალაქეებს შეურაცხყოფდა

საქართველოში ირანის საელჩო მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტრის მისამართით მედიაში გავრცელებულ განცხადებასა და ორიგინალს შორის განსხვავება მხოლოდ სათაურშია. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ, ელჩის თქმით, ირანის საელჩოს განცხადება ორიგინალში ქართულთან შედარებით სხვანაირად გამოიყურება.

პირველი არხის ცნობით, ირანის საელჩო განმარტავს, რომ ორიგინალი განცხადება შემდეგნაირად სათაურდება - "კრიტიკული შენიშვნა მედიაში გავრცელებულ არამეგრობრულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც მიეწერება ქალბატონ თეა წულუკიანს". ამასთან, ელჩის პირველი მდივანი აღნიშნავს, რომ იმედის არხზე თეა წულუკიანის განცხადება სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით არ უნახავთ და მის მხოლოდ ტექსტურ ვარიანტს გაეცნენ.

"ჩვენი რეალური წყარო იყო მედია, არა უშუალოდ განცხადებები ორიგინალში, არამედ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა ამგვარი რამ განაცხადა. თუ მინისტრს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია და სხვა აზრს გამოთქვამდა, პრესაში გავრცელებული მასალა უარყოს. ჩვენ შევხვდით იუსტიციის მინისტრს და მას აინტერესებდა განცხადების შესახებ ჩვენი აზრი. ჩვენ ავუხსენით, რომ პრესაში გავრცელებული მისი განცხადება იყო გარკვეული შეურაცხყოფა ირანელი მოქალაქეების მიმართ და ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. ქალბატონმა თეა წულუკიანმა აგვიხსნა, რომ მისი სიტყვები, გამონათქვამები არ შეიცავდა შეურაცხყოფას და ასე პრესაში განიხილეს. მან თქვა, რომ რეალურად ასე არ გაუკეთებია განცხადება, როგორც გავრცელდა. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენი განცხადება შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომ არ იყოს ირანელი მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფა. და ჩვენი განცხადება, რომელიც მედიაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთეთ, მიზნად ისახავდა შეურაცხმყოფელი განცხადებისგან ირანელი მოქალაქეების დაცვას", - განაცხადა პირველ არხთან საუბარში ირანის ელჩის პირველმა მდივანმა აბდოლრეზა თიჩანგმა.

ცნობისთვის, 9 მარტის განცხადებაში, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არაკვალიფიციურს, გაუაზრებელს, რასისტულსა და ქსენოფობიურს უწოდებდა.

"ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.

მეორე - ისტორიის მანძილზე, ირანელები, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან, ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - წერია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.

თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. როგორც ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყება აცხადებს ამ სფეროში, 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საემიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ხომ შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები