კრიზისი უკრაინაში

კრამერი: უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმა ობამას დიდი შეცდომაა

თეორემა/ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი თვლის, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის არმიწოდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას "საშინლად მცდარი გადაწყვეტილებაა." ამის შესახებ კრამერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"მე ყველაზე დიდ პრობლემას და დიდ შეცდომას სხვაგან ვხედავ და ამაზე პასუხისმგებლობას პერსონალურად ვაკისრებ ჩემს პრეზიდენტს - უარის თქმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე, იმისთვის, რომ რუსული აგრესიისგან თავდაცვა შეძლოს, ძალიან დიდი შეცდომაა. უკრაინელები ამას უკვე თვეებია, ითხოვენ, გასული წლიდან. პრეზიდენტი პოროშენკო ჩამოსული იყო შეერთებულ შტატებში, სიტყვით გამოვიდა კონგრესის სესიაზე, მერე ოვალურ ოფისში შეხვდა პრეზიდენტს, რომელმაც დახმარების ნაცვლად, ლექცია წაუკითხა და უთხრა, რომ არ მისცემდა იმას, რასაც პოროშენკო ითხოვდა. უკრაინელები ცარიელი ხელებითა და უკრაინა-შეერთებული შტატების ურთიერთობაზე ანერვიულებულები დაბრუნდენ უკან. კონგრესმა უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას - როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა.

კონგრესმა მხარი დაუჭირა იარაღის მიწოდებას 348-ით 48 ხმის წინააღმდეგ. ამას გარდა არსებობს სენატის რეზოლუცია - უკრაინის თავისუფლების აქტი, რომელმაც საყოველთაო მხარდაჭერა მოიპოვა. ეს არ არის პარტიული პროცესი. ორივე პარტია მხარს უჭერს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას. მაგრამ ამას ბლოკავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სახელმწიფო მდივანი მხარს უჭერს. თავდაცვის მდივანი მხარს უჭერს. გაერთიანებული შტაბის უფროსი მხარს უჭერს, დაზვერვის შეფი, NATO-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი, ყველა მხარს უჭერს, მხოლოდ პრეზიდენტია უარზე და ჩვენი სისტემა, რომელიც არაერთი ნაკლის მიუხედავად საუკეთესო სისტემად მიმაჩნია, საგარეო საკითხებზე ბოლო სიტყვას პრეზიდენტს აძლევს.

კონგრესი იღებს რეზოლუციებს, კანონმდებლობას, მაგრამ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი იღებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ეს კონკრეტული გადაწყვეტილება საშინლად მცდარი გადაწყვეტილებაა",- თქვა კრამერმა.

კომენტარები