ტერორიზმი

ალ-შაბაბის მებრძოლები კენიის უნივერსიტეტში შეიჭრნენ

AP

ისლამისტური დაჯგუფების, ალ-შაბაბის მებრძოლები კენიაში უნივერსიტეტს დაესხნენ თავს და სტუდენტები მძევლებად აიყვანეს.

თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 65-ს შეადგენს. მძევალთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია.

ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი დაჯგუფების წევრების თქმით, ისინი მუსლიმ სტუდენტებს ათავისუფლებდნენ და ტყვეებად მხოლოდ ქრისტიანებს იტოვებდნენ. ამჟამად 15 მუსლიმი მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ ალ-შაბაბის წარმომადგენელმა პირმა BBC-ს განუცხადა.

უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, შეიარაღებული პირები საერთო საცხოვრებელში შეიჭრნენ და იქ მყოფ სტუდენტებს ეკითხებოდნენ, შიგნით დამალულები მუსლიმები იყვნენ თუ ქრისტიანები, რის შემდეგაც ტერორისტები ქრისტიან სტუდენტებს ადგილზევე ხოცავდნენ.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები შევიდნენ. მათ რამდენიმე სტუდენტის გათავისუფლება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოახერხეს.

ტერორისტთა რაოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ხუთნი იყვნენ. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამხედრო პირებმა ერთი მებრძოლი მაშინ მოკლეს, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა.

შეტაკებები კენიელ სამხედროებსა და ტერორისტებს შორის ამ დრომდე გრძელდება. სამხედროებმა ალ-შაბაბის წევრები განცალკევებულ ტეროტორიაზე მიიმწყვდიეს.

კომენტარები