კანონიერი ქურდები

თარგამაძე: ივანიშვილის ხელდასმით ხელისუფლება თანამშრომლობს კანონიერ ქურდებთან

უკრაინის შსს აცხადებს, რომ კიევში მეხუთედ დააპატიმრა ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე საქართველოში უკვე ოთხჯერ დეპორტირებული კანონიერი ქურდი ლავას ოღლი (მინდია გორაძე). ამასთან დაკავშირებით ვსვამ რამოდენიმე მარტივ კითხვას და მოვითხოვ მათზე მარტივ პასუხებს და არა ტრადიციულ წაყრუებას:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს - წინა ოთხი დეპორტირების დროს როგორ მოხვდა ეს პირი საქართველოს გავლით თურქეთში? რატომ არ იქნა დაკავებული თბილისის აეროპორტში? არის თუ არა აღძრული ხსენებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და იმყოფება თუ არა ის ძებნაში, რისი ვალდებულებაც თქვენ გქონდათ თუნდაც მედიასივრცეში გასული მასალების ნახვისთანავე ავტომატურად. შესაბამისად, რატომ ელით მორიგ დეპორტირებას და არ ითხოვთ მის ექსტრადიციას შესაბამისი პროცედურებით?
2. პროკურატურას - თუ შსს-მ ზემოთჩამოთვლილი მოქმედებები არ ჩაატარა, რატომ არ გაქვთ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შსს- ხელმძღვანელთა მიმართ?
3. პრემიერმინისტრს - რატომ არ აძლევთ პროკურატურას ტელევიზიით საქმის აღძვრის მითითებას ისევე, როგორც ამას სწორად ამ უმოქმედების მამხილებელი პოლიციელების დევნისთვის აკეთებთ?
თუ პასუხი ჩემს ყველა შეკითხვაზე უარყოფითია, მაშინ, აი პასუხი:
ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებითა და ხელდასმით საქართველოს ხელისუფლება, პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერი, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა თანამშრომლობს კანონიერ ქურდებთან და დანაშაულებრივ სამყაროსთან. ქართულმა ოცნებამ ეს თანამშრომლობა წამოიწყო 2012 წლის არჩევნების წინ, აიღო ვალდებულებები კრიმინალებთან და ამ ვალდებულებებს ასრულებს ეხლაც ბეჯითად. სამართალდამცავთა ბრძოლაში დამნაშავეებთან ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ უკანასკნელთა მხარეს იჭერს. ესაა დანაშაულის კატასტროფული ზრდის და შეკვეთილი მკვლელობების წარმოშობის წყარო და მათი ტოტალური გაუხსნელობის მიზეზი. ამ ყველაფერზე საზოგადოების წინაშე პასუხს აგებთ სათითაოდ, ბატონებო. პირობას გაძლევთ.

ამბობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გივი თარგამაძე.

კომენტარები