კანონიერი ქურდები

ენმ: შსს-მ დაადასტურა, რომ კანონიერ ქურდებზე ყველა ჩვენი ინფორმაცია სიმართლეა

გივი თარგამაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსლან ბაზიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებით დაადასტურა, რომ "ყველა ინფორმაცია კანონიერი ქურდების უკანონო კვეთებთან დაკავშირებით არის სიმართლე და ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ და დასაჯონ კანონის დამრღვევები, ებრძვიან იმ პოლიციელებს, ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება, რომ ებრძოლონ დანაშაულს, არის უმთავრესი". ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ქვეყანაში ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო", - განაცხადა თარგამაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ შსს-ს რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები