პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

შავგულიძე: პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის არდასწრება გაუმართლებელია

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის წარმომადგენლების არდასწრებას ლოგიკური გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცრესობის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

შავგულიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ არ ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე პრეზიდენტის გამოსვლას.

„რატომ არ უნდა დაესწროს მთავრობის წარმომადგენელი პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც საუბარი იქნება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე. სადაც ამის შემდეგ გაიმართება დებატები ან ფრაქციათა წარმომადგენლების გამოსვლები. მთავრობის წარმომადგენლების არდასწრებას ლოგიკური გამართლება არ აქვს“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები ყოფილიყო.

„თუმცა ისიც კარგია, რომ ფრაქციების ლიდერები გამოვლენ სიტყვით და მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლით არ დასრულდება ყველაფერი“, - განაცხადა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე დღეს, 13:00-ზე წარდგება. გამოსვლის ფორმატი გუშინდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც გადაწყდა, გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას დებატები არ იქნება.

ასევე ცნობილია, რომ, გარდა პრეზიდენტისა, პარლამენტში სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეებიც გამოვლენ და თითოეულისთვის 15 წუთი იქნება გამოყოფილი.

პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რაც შეეხება მინისტრებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ითქვა, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, "მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ".

კომენტარები