საჰაერო თავდაცვა

ალასანია საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების ჩაშლას რუსეთს უკავშირებს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში, საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ჩაშლას, რუსეთის განცხადებების გამოძახილი უწოდა და ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მავნებლობაში დაადანაშაულა. ალასანიამ ასევე განმარტა, თუ რა სამხედრო უპირატესობას მისცემდა მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს. 

"აქ არის საუბარი ჩვენი საჰაერო თავდაცვის, საჰაერო სუვერენიტეტის სრულ კონტროლზე და ამავე დროს საჰაერო კონტროლის აქტიურ ნაწილზე, რომელიც ამ სუვერენიტეტის დაცვისას, ნებისმიერ დამრღვევზე გააკეთებს რეაგირებას. ანუ ჩვენი პოლიტიკური, თავდაცვითი, სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურა იქნება დაცული ნებისმიერი თავდასხმისგან. ეს აძლევს საშუალებას ჩვენს ჯარს, ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენ ჯარს, რომ გაათმაგებული ეფექტურობით შეძლოს ჩვენი დაცვა, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე მივიდა სამხედრო დაპირისპირებამდე", - განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი უფრო ვრცლად მოყვა, როგორ მოსთხოვეს საფრანგეთში ვიზიტის დროს, ხელი არ მოეწერა აღნიშნილი მემორანდუმისთვის.

"ამ ისტორიულ შესაძლებლობაზე რომელიც გაეხსნა საქართველოს ერთი წლის ძალიან დატვირთული მუშაობის შემდეგ და უკვე შეთანხმებული იყო ყველასთან უსაფრთხოების კაბინეტში, ყველა პირველ პირთან, როდესაც უკვე მემორანდუმის გასაფორმებლად გახდა ჩემი ჩასვლა საფრანგეთში, მე შემატყობინეს, რომ არ უნდა მომეწერა ხელი. მაშინ ჯანელიძე იყო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და გადმომცა პრემიერმინისტრის სიტყვები, მე ვცადე პრემიერმინისტრთან დაკავშირება, ვერ შედგა ეს საუბარი. მე ჯანელიძესვე ვთხოვე შესულიყო უკან პრემიერმინისტრთან და აეხსნა ამას რა მოყვებოდა, და რატომ იყო ეს არასწორი ქვეყნის თავდაცვისთვის, ჩვენი ჯარისთვის, უსაფრთხოებისთვის, მან ეს გააკეთა, მაგრამ უკან დამიბრუნა იგივე პასუხი, რომ არა, იქნებ არ მოაწეროთ ხელი", - თქვა ალასანიამ.

ყოფილმა მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ შეეძლო ღარიბაშვილს ამ გადაწყვეტილების მიღება.

"მე მაქვს ჩემი ახსნა ამისი. ბოლო პერიოდში სანამ პრემიერი იყო ივანიშვილი და შემდეგაც, პრაქტიკულად გამოიკვეთა ფუნდამენტური განსხვავება იმ წარმოდგენებში, თუ როგორ იყო შესაძლებელი საქართველოს დაცვა, იმ შემთხვევაში, თუკი მოხდა სამხედრო დაპირისპირება. ჩემი უშუალო ამოცანა იყო ამაზე მეფიქრა სამხედროებთან ერთად და შემდეგ უკვე სამხედროების გადაწყვეტილებით, იმ ყველაზე აუცილებელი თავდაცვითი შესაძლებლობის მიმართულებით, რომელიც არის საჰაერო და რომელიც იყო ჩვენთვის აქილევსის ქუსლი, ჩვენ თავდაცვაში წლების განმავლობაში და 2008 წელი კარგად გვახსოვს ამ კუთხით, მე გადამედგა სერიოზული ნაბიჯები.

ჩემი აზრით, ეს, როცა უკვე საქმე საქმემდე მივიდა და კონკრეტული ნაბიჯები შესაძლებელი უნდა განგვეხორციელებინა, ამ დროს მას უთხრეს, რომ ეს არ იყო სასურველი საქართველოსთვის. ჩემი ვარაუდით, ეს ღარიბაშვილს არ ჰქონდა ბოლომდე შეთანხმებული დეფაქტო პრემიერ ივანიშვილთან და როდესაც საქმე საქმეზე მივიდა, მან აუკრძალა ამ საქმის გაგრძელება. ამიტომ მოხდა ამ საათებში ასეთი სახეცვლილება. რამდენიმე კვირით ადრე აქამდე, ლავროვისგან, რუსეთის საგარეო უწყებებიდან იყო გაკეთებული განცხადება, რომ "ვისგან უნდა დაიცვას საქართველომ თავი", "რაში სჭირდება მას საჰაერო თავდაცვის სისტემა" და ა.შ ჩემი აზრით ეს იყო გამოძახილი რუსეთის განცხადებების. რაც არის, შემიძლია პირდაპირ დავარქვა, მავნებლობა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები