მოწმის დაკითხვა

გივი თარგამაძე პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს

facebook.com/givi.targamadze.90

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე, 26 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში, მოწმის სახით დაიბარეს. ამის შესახებ თარგამაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. უწყების მიხედვით, რომლის ფოტოსურათს თარგამაძე აქვეყნებს, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ეხება.

“უწყება მივიღე. ხვალ 12 საათზე ქალაქის პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით სამაგალითო პოლიციელის, რუსლან ბაზიაშვილის წინააღმდეგ, თავკერძას ბრძანებით, ჰაკიმის დავალებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე”, - წერს თარგამაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პარლამენტის წევრს, აქვს უფლება დაკითხვაზე არ გამოცხადდეს, პროკურატურაში აუცილებლად მივა, რადგან თავს ვალდებულად თვლის, რომ დაიცვას პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი.

“ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახეთ, მე ოთხმაგი დაცვა მაქვს და უწყების მინაწერიცა და გამომძიებლის გაფრთხილებაც არ მანაღვლებს, აუცილებლად გამოვცხადდები ხვალ, ვინაიდან თავს ვალდებულად ვთვლი, დავიცვა დღესაც ხალხის სამსახურში მდგომი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ასევე, კატეგორიულად მოვითხოვო პროკურატურისგან, შეწყვიტონ პოლიციელების, სპეცრაზმელების, კონტრდაზვერვის, თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ პატრიოტთა დევნა და აღძრან სისხლის სამართლის საქმეები იმ მრავალჯერად დანაშაულებზე, რომლებშიც პოლიციისა და ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ქურდულ სამყაროსთან ალიანსში მონაწილეობენ და რომლებზეც მე მზად ვარ მივაწოდო მათ ინფორმაცია”, - წერს გივი თარგამაძე.

უწყებაში ხაზია გასმული იმაზე, რომ პროკურატურაში “გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ხასიათის იძულებითი ღონისძიება იძულებითი მოყვანის სახით”. თარგამაძე წერს, რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სისხლის სამართლის კოდექსის "თავზე გადავლაა".

"პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ეს ჩანაწერი მეორდება საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 52), საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ (მუხლი 18. იმუნიტეტი), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 20). ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მუხლი 50) გვამცნობს, რომ 'პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება: ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს - იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს'; უწყებაში კი წერია, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება იძულებითი მოყვანა, რაც მამცნო კიდეც გამომძიებელმა და რაც ყოველივე ზემოთქმულის თავზე გადავლაა", - წერს თარგამაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები