IRI-ის კვლევა რეალობას არ ასახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„არასდროს არც IRI-ის და არც NDI-ის კვლევაზე კომენტარი არ გამიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციებს დიდ პატივს ვცემ, კვლევების შემსრულებელი ორგანიზაციების მიმართ გარკვეული პრეტენზიები ჩვენც და საზოგადოებასაც გვაქვს. ამის მიზეზი მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები თუ შეხედულებებია. ჩემთვის ეს კვლევა რეალობის ამსახველი არ არის“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ნდობის მაჩვენებელმა ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობის მიმართ იკლო. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. მთავრობის მიმართ ნდობა 21%-ით არის შემცირებული.
წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 22%-ით მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ პირიქით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, კვლევაში მონაწილეთა 25% პასუხობს - "დიახ, სწორი", 55% - "არასწორი", ხოლო 20%-მა არ იცის.
აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევის დაწყების, 2004 წლის შემდეგ, ყველაზე ცოტა გამოკითხული პასუხობს დადებითად ("დიახ, სწორი მიმართულებით ვითარდება") აღნიშნულ კითხვას.





