GDI: ალექსანდრე ნინუას პატიმრობა დაუსაბუთებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია სამართალწარმოების გაჭიანურება და შერჩევითი სამართალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დაუსაბუთებელი განჩინება და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა.

ანგარიშის თანახმად, "იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე ნინუას მიმართ მიმდინარეობდა პოლიტიკური ზეწოლა და ამავდროულად, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა, გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია, აშკარად არაპროპორციულია სავარაუდო სამართალდარღვევასთან და რისკებთან, არსებობს ვარაუდი რომ მის მიმართ ადგილი აქვს "პოლიტიკურ პატიმრობის“ გამოყენებას საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად".

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ასევე მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ალექსანდრე ნინუას სისხლის სამართლის საქმეებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები