ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.3 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.226 ლარი ეღირება.
ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი 4.2 თეთრით გაუფასურდა, რაც დოლართან მიმართებით ევროს გამყარებას უკავშირდება - ხვალ ერთი ევრო 2.41 ლარი ეღირება.
გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის რყევა არ შეჩერებულა. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვის დროს მათ ეროვნულ ვალუტაზე ყიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეროვნულ ვალუტას ყიდულობს და ის მიმოქცევიდან ამოაქვს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, საქართველოში არსებული სავალუტო შოკი მხოლოდ სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვერ მოგვარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მხოლოდ რეზერვების ხარჯვით შეუძლებელია. ამავე პოზიციას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის IMF-ის მისიაც, რომელიც ეროვნულ ბანკს რეკომენდაციას აძლევს, არ დახარჯონ სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც სავალუტო რეზერვების უშედეგოდ დახარჯვის გარდა, არავითარ შედეგს არ გამოიღებს.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.





