გიორგი ონიანის სასამართლო პროცესზე, ბრალდების მოწმის დაკითხვამ ხმაურიანად ჩაიარა. როგორც გიორგი ონიანი ამბობს, მოწმე გიორგი შარიფაშვილი, სასამართლოზე გამოსვლამდე პირად საუბრებში, მასზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე და ბრალდებულის უდანაშაულობაზე საუბრობდა. გიორგი ონიანის თქმით, არსებობს ამ საუბრის ჩანაწერი და ის შეეცდება წარუდგინოს სასამართლოს ეს მტკიცებულება.
"დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონი გიორგი ადვოკატთან ერთად მობრძანდა ოფისში, სადაც ცალსახად მესაუბრა იმ ზეწოლაზე, რაც ხორციელდებოდა მის მიმართ, რაც ხორციელდებოდა დანარჩენი მოწმეების მიმართ. კონკრეტულად დაასახელა, 12 საათი როგორ ჰყავდათ შეყვანილი, რომ წყალიც კი არ დაულევია 12 საათის განმავლობაში. ეს ადამიანი ჩემთან საუბარში აცხადებდა, რომ პროკურატურა ახორციელებდა ზეწოლას და ცდილობდა გიორგი ონიანის მხრიდან გამოეკვეთა დანაშაული. ჰპირდებოდა, რომ დანიშნავდა ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლად და სხვა შემთხვევაში მას ძალიან ცუდი ბედი ელოდა. თუმცა, იქვე, იმავე საუბარში აცხადებს, რომ "სულ რომ 6 წელი მომისაჯონ, მე არ ვიტყვი ტყუილს და არ დაგაბრალებ იმას, რაც არ ყოფილა". რა ზეწოლა მოხდა კიდევ, რომ შეცვალა მან თავისი პოზიცია, ეს მას უნდა ჰკითხოთ", - თქვა ონიანმა.
მორიგი სასამართლო პროცესი 17 აპრილს გაიმართება. გიორგი ონიანს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.





