გამოხატვის თავისუფლება

მელაძე შსს-ს განცხადებაზე: ჩვენი კანონმდებლობით, მამხილებელი არ ისჯება

რადიო თავისუფლება

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, იურისტ გიორგი მელაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი უკანონოდ გაათავისუფლა.

"პოლიციელის დათხოვნა კანონის დარღვევაა. პოლიციელის გათავისუფლების მიზეზად თუ კანონის დარღვევა მიუთითეს, ეს უკანონობაა. ჩვენი კანონმდებლობით, მამხილებელი არ ისჯება და დაცულია, როცა უკანონობა გამოაქვს საჯარო სივრცეში. კანონის მიხედვით, იმ ადამიანს ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს გაემჟღავნებინა, იმიტომ რომ იქ საუბარია საზოგადოებრივ ინტერესზე. მან ინფორმაცია მისცა დეპუტატს, რაც გამომზეურების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმაა, რადგან მან ინფორმაცია მისცა პარლამენტის დეპუტატს, სახალხო წარმომადგენელს და ეს ინფორმაცია გადავიდა ლეგიტიმურ ხელში", - უთხრა მელაძემ ტაბულას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას. ასევე, ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

რაც შეეხება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს, მე-8 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მხილების საკითხები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, შესაბამისად, მე-8 მუხლი მათზე არ ვრცელდება, ხოლო სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობს. 

ცნობისთვის, გუშინდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და შსს-ს კიდევ რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები