შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: დაცული ინფორმაციის ენმ-ისთვის მიწოდებისთვის თანამშრომლები გავათავისუფლეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა". შსს-ს მტკიცებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა.

"შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან ცხრა თანამშრომელი დაითხოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ მსგავსი მეთოდებით პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებისგან. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ პოლიციის შესახებ კანონს, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის. „პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაცდომის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მკაცრი ზომები", - აცხადებს შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე განმარტებას აკეთებს პატრულ-ინსპექტორებსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოჩანაწერზე და აღნიშნავს, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

"ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, პატრულ-ინსპექტორ არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ", - აცხადებს შსს.

კომენტარები