უკანონო მშენებლობა თბილისში

ენმ: აბანოთუბანში მთავრობა კანონსაწინააღმდეგო მშენებლობის დაწყებას აპირებს

აბანოთუბანში მთავრობა კანონსაწინააღმდეგო მშენებლობის დაწყებას აპირებს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.  

განცხადებაში წერია, რომ საქმე ეხება თბილისის ისტორიულ უბანში - აბანოთუბანში, კერძოდ, მირზა შაფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია შპს აპოლი გ.ს.-ს მიერ წამოწყებულ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის, სამეფო ბაღის, მშენებლობას.

„ეს პროექტი წლების წინ იყო ინიცირებული, მაგრამ საზოგადოების პროტესტისა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულობის გამო ჩვენ მის განხორციელებაზე უარი ვთქვით. ასევე აღვნიშნავთ, რომ პირველადი ვერსია ითვალისწინებდა ძირითადად ავთენტური შენობების მშენებლობას. გაუგებარია ის თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება ისტორიული უბნის მიმართ, მით უმეტეს, რომ ახალი ვერსია, რომელიც კომპანია „აპოლი გ.ს.“-მა ქ. თბილისის მერიასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შეიტანა დასამტკიცებლად, ითვალისწინებს ბევრად უფრო გრანდიოზულ 10- სართულიან კომპლექსს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ პროექტი კანონის უხეში დარღვევით ხორციელდება. კანონმდებლობის თანხმად, საწყისს ეტაპზე, პროექტს განიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, კერძოდ კი, მასთან არსებული არქიტექტორული საბჭო. განცხადებაში წერია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უარი უთხრა კომპანიას, თუმცა, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კანონის სრული იგნორირებით, მაინც დააკმაყოფილი კომპანიის თხოვნა. ახლა ჯერი თბილისის მერიაზეა.

„აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშილმა ყოველგვარი ნებართვების გარეშე დაიწყო პანორამა თბილისის პროექტის განხორციელება. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის მერია არ შეცვლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. ეს სიტუაცია ლოგიკურად გვახსენებს 90-იანი წლებს, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის ჯიბეებში მიდიოდა. შეიცვალნენ მხოლოდ მოქმედი პირები. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხები ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელი არაუფლებამოსილი პირების ჯიბეში მიდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები