ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ბაქრაძე: პრობლემების გადასაფარად მთავრობა ოპონენტებს ებრძვის

wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, დავით ბაქრაძის, განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებისთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხების გადაფარვას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით ცდილობს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მან ასევე დაამატა, რომ მთავრობა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას 7 ნოემბრის მომიზეზებით ცდილობს, ხოლო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება უკანა პლანზე გადააქვს.
"პირველი, თუ რამე არის დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი, ეს არის ის, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ეკონომიკაში, რა კურსი ექნება ლარს, როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ. ვერც ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა პასუხს ვერ იძლევა და ვერაფერს ვერ თავაზობს საზოგადოებას, ამიტომ ამ ყველაფრის გადასაფარად მთავრობა აკეთებს იმ ერთადერთს, რაც მან იცის - ებრძვის საკუთარ ოპონენტებს", - განაცხადა ბაქრაძემ.

"მომენტი, რომელიც შეარჩიეს ბრალის წასაყენებლად მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა აღელვებულია, რა ხდება ეკონომიკაში, როგორ იქნება ლარი, რა ვუშველოთ სიღარიბეს, ეს მომენტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ამ მთავრობას არც ხალხი აინტერესებს, არც სიღარიბე აინტერესებს, არც პრობლემა აინტერესებს, მისთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რომ ებრძვის საკუთარ ოპონენტებს. თან აღვნიშნავ იმასაც, რომ სრულიად ცინიკურად აარჩიეს ის თემა, რომელიც მართლა სამართლიანად აღელვებს ჩვენს საზოგადოებას - შვიდი ნოემბრის თემა, რომელიც მართლაც მძიმე პოლიტიკური ფურცელია ჩვენთვის და ცდილობენ ახლა, რომ 7 ნოემბრის მომიზეზებით გააკეთონ ეს ყველაფერი", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმების გარეშე, პროკურატურა იძულებული იქნებოდა, ის ციხიდან გამოეშვა. ენმ-ს ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას.
"მთელი ეს დღევანდელი შოუ, რომელიც პროკურატურამ შემოგვთავაზა, პირველ რიგში, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს. ეს მთავარი მიზანი გახლავთ გიგი უგულავას დატოვება პატიმრობაში, ვინაიდან მას სამ კვირაში უთავდება წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა და ახალი ბრალის წარდგენის გარეშე პროკურატურა იძულებული იქნებოდა, ის გამოეშვა ციხიდან.
უკაცრავად, ორი წელია გამოძიება მიდის, დღეს უნდა იცვლებოდეს ბრალის სიტყვები? გნებავთ იგივე მერაბიშვილთან ან სააკაშვილთან მიმართებაში, ორწლიანი გამოძიების შემდეგ რა დაზუსტეს, რას ჰქვია დააზუსტეს? მე არ გამიგია ბრალის დაზუსტება ამდენთვიანი გამოძიების შემდეგ.
მეორე, რაც მინდა გითხრათ, აი, ის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამერიკის ელჩის განცხადება, ამას დაემატა კიდევ დღეს ევროპარლამენტის უმრავლესობის ლიდერის ყველაზე დიდი ფრაქციის წერილი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება, ამით ის ფუნდამენტურად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს გულს იფხანს და კმაყოფილია იმით, რომ უგულავას ბრალს დაუმძიმებენ და შემდეგ 9 თვეს ციხეში გაატარებს, უნდა ესმოდეს, რომ ეს გულის მოფხანა არის მისი საკუთარი მომავლის ხარჯზე.
როდესაც ჩვენ ბოლომდე დავუპირისპირდებით შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ჩვენს ევროპელ პარნტიორებს, ჩვენ დაგვრჩება ერთადერთი გზა - რუსეთი და ერთადერთი ადამიანი - ბატონი კარასინი, რომელიც ქების მეტს არაფერს არ აკეთებს ამ ხელისუფლების მიმართ. აი, ამის ფასად აკეთებს ხელისუფლება ამ ყველაფერს და მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ოპონენტების დევნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად არის ამას შესწიროს მთავარი, რაც ამ ქვეყანას გააჩნია, ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი ევროპული და უსაფრთხო მომავალი", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები