საგარეო ვაჭრობა

თებერვალში ექსპორტი 23%-ით შემცირდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS

საქსტატის მონაცემებით ექსპორტი თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და მან მხოლოდ $167 მილიონი შეადგინა. ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის აგვისტოდან მცირდება, თუმცა ექსპორტის კლებამ განსაკუთრებით მაღალი ტემპი ნოემბრის თვიდან შეიძინა. ნოემბრიდან მოყოლებული ყოველთვიური ექსპორტი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით წინა წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 87%-ით არის შემცირებული. 

ექსპორტის შემცირებასთან ერთად უარყოფითი სავაჭრო სალდო არის გაზრდილი. სულ თებერვალში საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობამ $571 მილიონი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბალანსი მინუს $404 მილიონს შეადგენს.

ექსპორტის მაჩვენებელს ეროვნული ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რადგანაც ექსპორტი უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. 

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტის მოცულობას საქსტატი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

კომენტარები