ენერგო-პრო ჯორჯია

ჯალაღანია: იმედია, ენერგო-პროს შემთხვევას რატიფიკაციაზე გავლენა არ ექნება

http://garbonline.tv/

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია იმედოვნებს, რომ ენერგო-პროსთან დაკავშირებული შემთხვევა ზეგავლენას არ იქონიებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე.

"მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩეხეთის პარლამენტი რა კრიტერიუმებით ისარგებლებს, როდესაც გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის თაობაზე. ვიცი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რომ დიალოგი ამ ჩეხურ კომპანიასთან და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან მიმდინარეობს და ძირითადად, ეს საკითხები, რომლებიც კითხვის ნიშნებს აყენებდა, გადაწყვეტის ფაზაშია. ამდენად, მე მინდა, მჯეროდეს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ნამდვილად არ იქონიებს ზეგავლენას ჩეხეთის პარლამენტის მიერ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესში", - თქვა ჯალაღანიამ.

ცნობისთვის, ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია გადადო. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიზეზად ჩეხურ ენერგოკომპანია ენერგო-პრო ჯორჯიასთან საქართველოს მთავრობის დავა სახელდება. როგორც გამოცემა წერს, კომპანიას დამატებით 1.5-მილიარდკრონიანი (60 მლნ დოლარი) გადასახადი დაუწესეს, რის გადახდაზეც კომპანიამ უარი თქვა და გადასახადის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის დასრულებასაც ჩეხეთი ელოდება. დეპუტატებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია 1 აპრილამდე გადადეს. 

კომენტარები