ენერგო-პრო ჯორჯია

ხადური: ენერგო პრო-ს შემოწმებას ასოცირების შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ჩეხური კომპანია ენერგო- პრო ჯორჯიას შემოწმებას და მისთვის თანხის დაკისრებას ჩეხეთის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ეს ცალკე სადაგასახადო ქეისია.

"ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. საქართველოს შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა შეამოწმეს კომპანია. აღნიშნულ კომპანიას დაერიცხა გარკვეული თანხა. კომპანია ნაწილს დაეთანხმა, ნაწილზე დაიწყო დავა. დავის პროცესი მიმდინარეობს, გასული კვირის ხუთშაბათს იყო ერთ-ერთი დავა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ჩვენ ვთხოვეთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. რაღაცა ნაწილში დავაკმაყოფილეთ კომპანიის მოთხოვნები, იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, სამართლიანი იყო. რაღაცა ნაწილში არ დავეთანხმეთ. არის მესამე ნაწილი, რომელზეც ვთხოვეთ კომპანიას, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს თანხები მოხმარდა მის საქმიანობას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამას წარმოადგენს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიამ გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში ინვესტირება და მინდა გითხრათ, რომ არცერთი წამით კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულა. ის მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო წინადადებებიც აქვს", - განახცადა ხადურმა და აღნიშნა, რომ "ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას. კომპანიის წარმომადგენელიც გამორიცხავს ასეთ კავშირს. ეს არის ჩვეულებრივი საგადასახადო ქეისი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროში".

ცნობისთვის, ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია გადადო. ამის შესახებ ჩეხური გამოცემა ლიდოვე ნოვინი იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიზეზად ჩეხურ ენერგოკომპანია ენერგო-პრო ჯორჯიასთან საქართველოს მთავრობის დავა სახელდება. როგორც გამოცემა წერს, კომპანიას დამატებით 1.5-მილიარდკრონიანი (60 მლნ დოლარი) გადასახადი დაუწესეს, რის გადახდაზეც კომპანიამ უარი თქვა და გადასახადის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის დასრულებასაც ჩეხეთი ელოდება. დეპუტატებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია 1 აპრილამდე გადადეს. 

კომენტარები